ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვით შეეზღუდა.
შესაბამის დადგენილებას ხელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს გამომძიებელი შაქრო ხარშილაძეს აწერს.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.
„რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“, – ვკითხულობთ სუს-ის გამომძიებლის 15 სექტემბრის დადგენილებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 11 სექტემბერს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდება ხაბეიშვილს ედავება სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას:
· 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) – მოხელისთვის ან მასთან გათანაბრებული პირისთვის, პირდაპირ, ან არაპირდაპირ, მისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის, ან სხვა რამე არამართლზომიერი სარგებლის დაპირება, შეთავაზება, ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას, ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განხორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორცილებეისგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.