„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
მათ დღეს ერთობლივი ბრიფინგი ორხევის ოფისში გამართეს.
„ეს ის ცნობილია ოფისია, რომელიც მაისში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. თუმცა ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან“, — განაცხადა ბესო გაზდელიანმა და მიმართა ლევან ხაბეიშვილს:
„ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა“.
მანამდე ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ფოთის, მცხეთის და ახალციხის საკრებულოებიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ ნიკა მელია აღარაა პარტიის წევრი.
დღეს, 29 ნოემბერს, ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები ენმ-ის მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში პოლიტსაბჭოში დაბრუნებას შეძლებენ.