ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს. თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა. რატომ შემოიტანეთ ახლა, რაში გჭირდებათ?! რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და 2 კვირაში თქვენ შემოიტანეთ – ეს რა, მართლა დამთხვევაა?! […] ეუთოს დასკვნაზე მიგითითებენ, იქ არ გინდათ შესვლა. შავით თეთრზე წერია, რომ არ არის ეს კანონი კარგი.
თქვენ ამბობთ, რომ კარგია [რუსული კანონი] […] ნატოს გენერალურმა მდივანმაო ვერ წაიკითხაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს – აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩიო – აბა ეგ რას გაიგებდაო, ევროკავშირის ელჩმა არ იცის კითხვა და შინაარსის გამოტანაო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა… ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. […] მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო ეს კანონი, პირობითად ვამბობ, და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე – რად გინდათ ეგეთი კანონი.
თქვენ არ ვიცი გეფიქრებათ თუ არა იმაზე, ხაშურში იქნება თუ არა წყალი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფულია გამოყოფილი – 58 მილიონი ფრანგული ფული, რომ წყალი იყოს ხაშურში. გარდაბანში, მაგალითად, არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე – 200 მილიონი ლარი. ხალხი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს, რომ საქართველოში იყოს გზა, მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეგ არის დასავლური ფულით გაკეთებული.