ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა საერთო ინიციატივაა მათთვის, ვისაც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრობა არ სურს.
მისი თქმით, ენმ მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც “საქართველოს გამარჯვება სურს”.
“ეს იყო ჩვენი საერთო ინიციატივა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პარტიის წევრობა ან არ სურს, ან არ უნდა. არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია და ყველას აქვს [უფლება], საკუთარი გემოვნება დაიკმაყოფილოს, ვისაც პოლიტიკური აქტიურობა სურს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს გამარჯვება სურთ და არ სურთ პოლიტიკური პარტიის წევრობა, ამიტომ ეს შესაძლებლობა მუდმივად იქნება და არის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი მიმართულებითაც კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, საჯარო პირებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, თავისი საქმის პროფესიონალებთან ვითანამშრომლოთ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციამ ენმ-თან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტი უნდა შექმნას.
ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი […] მე მზად ვარ, რომ შევიდე ამ კომიტეტის შემადგენლობაში. თქვენთან ერთად ვითათბირო”, – განაცხადა სააკაშვილმა.