ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს მომდევნო საკრებულოს სხდომაზე მისვლას სთავაზობს. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კალაძემ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც თბილისელებს აწუხებს და თუ “მტყუანი არ არის”, სხდომაზე გამოცხადდეს.
“კახი, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში – გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, აფერისტი არ ხარ, კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია – მე ვაპირებ საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ ხარ, იმ საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარ სამსახურის თანამშრომლები, შენი ძმაკაცები, სპორტსმენები, შენი ზონდერები მოიყოლე, მზად ვარ, მოვიდე და დაგისვა ის შეკითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ […] გაეცი ხალხს პასუხი, მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ – აბა, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, გაეცი ხალხს პასუხი ამ კითხვებზე, რაც გვაქვს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას – შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ “დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის”.
ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ”.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა “დათქმულ ვადაში” გაიხსნება.