ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას.
“ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს.
წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს.
სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის “მესიჯს”, რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.
ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის “თავი”.
ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე “ლაგდებოდა”.
ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს – გრიგოლ ლილუაშვილს.
რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).
ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი “დამთხვევები” – რა ვქნა გრიგოლ?!
რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე”, – წერს ხაბეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
