ხაბეიშვილი: გუშინ ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს და გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ფულს მიიტანს ბიძინასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლეს, თუ ის „კონკრეტულ თანხას მიუტანს ბიძინა ივანიშვილს“.
“ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია, მისი ახლო ნათესავი დაკავებულია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოადგილე, ახლო ნათესავი [დააკავეს]. როგორც ბრიფინგზე თქვეს, მისი ნათესავი „ალაგებდა“, მაგრამ „ალაგებდა“ ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა და ცხადია მასაც ემუქრება დაკავება. ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან „კუში“ უნდა მიიტანოს ბიძინასთან და ერთადერთ შემთხვევაში იყიდის თავისუფლებას თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ბურჭულაძის გარშემო ვითარება მძიმდება, მას დაკავება ემუქრება და მის წინააღმდეგ გამოძიება შესაძლოა მალე გახდეს საჯარო.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბურჭულაძის ნათესავი.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა.