ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ წითლიძე $400 000-ს ჰპირდება „ძალოვნებს, ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს“

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს სპეცრაზმელთა მიმართ საჯარო განცხადებებში მათთვის $200 000-ის დაპირების გამო, – იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტებს არ დაარბევდნენ, – მისი თანაპარტიელი დაპირებულ თანხას აორმაგებს.
„ვაორმაგებთ ხაბეიშვილის შეთავაზებას. 400 ათას დოლარს გადავუხდით იმ ძალოვნებს ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს და გადმოვა ხალხის მხარეს. მე ვარ პასუხისმგებელი“, – დაწერა ფეისბუკზე ანა წითლიძემ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
იურისტების ნაწილი მიუთითებს, რომ ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი, – რის გამოც მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, – აბსურდულია და ხაბეიშვილის ქმედებებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნები არ ჩანს.
„მართალია, ქრთამის მიცემა „ფორმალური“ დანაშაულია და ქრთამის შეთავაზებიდან ის ჩადენილად ითვლება, მაგრამ თავად ქრთამის შეთავაზება უნდა მიემართებოდეს კონკრეტულ პირს და კონკრეტული უკანონო ქმედების ჩადენისკენ იყოს მიმართული. რაც მთავარია, ასეთი შეთავაზების მიზანი უნდა იყოს პირადი გამორჩენა“, – წერს იურისტი გურამ იმნაძე.
„ამ ლოგიკით, არჩევნებზე რომელიმე პარტიის მხრიდან 1000 ლარიანი პენსიის დაპირებაც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს“, – მიიჩნევს იურისტი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ბრალდება „უკიდურესად კომიკურია“.
„არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“, – წერს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დაკავებულია იმის გამო, რომ ის -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
სუს-ის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.
უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.
მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა – ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ – და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამრათლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).
სუს-მა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.
ეს სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ უწყების მიერ ჩატარებული პირველი საქმეებია, სადაც ასე მაღალი პროფილის პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ