ხაბეიშვილის გზავნილები სასამართლოდან — მიმართვა პოლიტიკოსებს, მედიას, პროკურატურას

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე დღეს, 6 თებერვალს, მორიგი სხდომა გაიმართა. ლევან ხაბეიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თითქმის ნახევარი წელია, პატიმრობაშია, თუმცა ამ დრომდე არცერთი რეალური სასამართლო სხდომა მის საქმეზე არ გამართულა, არ მოუყვანიათ მთავარი მოწმეები და ციხეში ჯარიმებისა და ყადაღის შესახებ მიუვიდა ინფორმაცია.
ხაბეიშვილმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს და შეეხო გამოხმაურებებსაც, რაც წინა სხდომებზე მის განცხადებებს მოჰყვა.
„რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები გარეთ ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვეწონაო. უკაცრავად, თუ ჩემი ტონი არ მოგეწონათ, ძალიან დიდი ბოდიში! მე თქვენი გულშემატკივრის, ქართველი ხალხის პოზიციიდან ვლაპარაკობ, თქვენი მონა-მორჩილი, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია, ყველაზე რიგითი ვარ, ვინც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს. ჰო, გაჭირვებული, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად. არაფერი ზედმეტი მე ან ჩემს შვილებს არ გაგვაჩნია. ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ. ჭყლოპინებთ ეთერებში, თურმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივასო. ვაი, თქვე უბედურებო! თუ ვინმეს გგონიათ, რომ მათიკაშვილის, ზარქუას, ამ გაურკვეველი ხალხის ალტერნატივას ხალხი ვერ ხედავს, მართლა ძალიან მძიმედ გქონიათ საქმე. თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდული და გონებადახშული ხომ არ გგონიათ? ალტერნატივა არ არის კი არა, აქეთ არის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე წესიერი, ქვეყნის მოსიყვარულე, პატრიოტი ხალხი. ეთერებში ისმის რომ ალტერნატივას ვერ ვაჩვენებთო. ბოდიში, ხალხო, ნუ გწყინთ ეგ. რუსუდან კობახიძისნაირი გმირები რომ იყვნენ ყველა, ამ ქვეყანას ეშველებოდა. მაგრამ დანარჩენს, ბოდიში, გულშემატკივრის პოზიციიდან მიიღეთ — ვაჟკაცობა არ გყოფნით რომ თქვათ, რომ მოდი ამ დღეს ეს გავაპროტესტოთ, იმ დღეს — ეს. ამდენი თვეა ვუყურებ, რომ შიში იმდენად გაჩნდა, რომ ყველაფერზე ისაუბრებენ, ოღონდ არ ილაპარაკონ კონკრეტიკაზე. ყველა მიყვარხართ, ყველა მაგრები ხართ, მესმის, განა არ მესმის, რა მძიმე მდგომარეობაში ხართ. მე თქვენკენ ვარ. ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ. ტელევიზიებსაც მინდა, ვუთხრა: იცით, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება. ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში“ მოსიარულე, ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ, კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით, ხალხო, წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას ალბათ ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ ამას არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ზედმეტი, არაფრის მომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება“, — თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, არცერთი სხდომა სასამართლოში, რომელიც აქამდე მის საქმეზე ჩატარდა, რეალურად არ არის სასამართლო პროცესი და ეს მიზანმიმართულად ხდება.
„ეს არ არის ჩემი სასამართლო. ეს ხდება მიზანმიმართულად. დარწმუნებული ვარ, მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო სხდომა არის, მაქსიმუმ, 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას. რომელსაც სუს-მა მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეებიო. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს. ამ ადამიანებიდან დანიშნეს და მოიწვიეს სამი ადამიანი [მოწმედ, რომლებსაც სასამართლოში ჩვენება ჯერ არ მიუციათ]. გავიდა ნახევარი წელი [დაპატიმრებიდან] და ჩემი სასამართლო სხდომა არ ტარდება. მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები. მოვდივარ, მივდივარ. ეს სამი კაცი რომ მოიყვანონ, მოსამართლე რომ 10:00 საათზე დაიწყებს სხდომას, დაამთავრებს 15:00 საათზე. მართლა მაინტერესებს, მოვიდნენ და ჩამხედონ თვალებში, სასამართლოს ჩახედონ თვალებში. თავი იგრძნეს შეურაცხყოფილადო. შეურაცხყოფილად კი არა, სახის ძვლები დამიმტვრიეს და თავის ქალა ამხადეს და თურმე შეურაცხყოფილები ესენი არიან. ვითხოვ ჩემს სასამართლო პროცესს. 20 თებერვალს არის მომდევნო სასამართლო. გამაგებინეთ 20-ში მაინც მოგყავთ მოწმეები? ასე უსასრულოდ ხომ არ შეიძლება გაიწელოს?“ — მიმართა პროკურორს ხაბეიშვილმა.
შეეხო ჯარიმებსაც და ყადაღასაც მის ანგარიშებზე, რაზე ინფორმაციაც ციხეში მიიღო.
„გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ციხეში დამაყადაღეს, ადმინისტრაციული წესით, გამომიგზავნეს 9 000 ლარის ჯარიმა, რომ თურმე წულუკიანს არ მოეწონა, რაღაც რომ ვთქვი. ჯერ ხომ საერთოდ დამატყვევეს, სასამართლო პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოგყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, მიმოწერა არა, არაფერი არა და 9 000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი. ვიღაცებს კიდევ 18 000 ლარი აქვთ ხელფასი და ბოდიში, რა“, — თქვა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 11 სექტემბერს დააკავეს ტ/კ ფორმულას ეზოში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.
მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს — საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.
წაიკითხეთ ასევე:
· ხაბეიშვილი: მეორე გამოსავალია მძევლების გამოყვანა დიალოგით. აიღეთ ეს თქვენს თავზე!