ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი უკვე გადაწყდა მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრობიდან გარიცხეს და დღევანდელ სინოდზე მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ განხილულა. ამით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრე ცაავას მიერ სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნას გამოეხმაურა.
მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს წერილის შესახებ ინფორმაცია აქვს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს და მისი გადასაწყვეტია ვინ გასცემს პასუხს.
„სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა იმიტომ, რომ სინოდის სხდომის განხილვის საკითხი ეს არ იყო. გადაწყდა [ეს საკითხი] ადრე, სინოდის წევრი აღარ არის. მეუფე შიოსთანაა ეს ინფორმაცია. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეა, მაგრამ ვინ გასცემს პასუხს, მეუფე შიოს გადასაწყვეტია, ჩვენ სინოდზე ეს საკითხი საერთოდ არ განგვიხილავს.
ჩემ პირად დამოკიდებულებას ვიტყვი, როდესაც პატრიარქს აბრალებდნენ სოდომურ ცოდვას, დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრომ? პატრიარქი ღმერთმა განადიდა. ამდენი ხალხმრავლობით და ცრემლნარევი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით, რომლითაც გაერთიანდა ხალხი. ეს არ იყო რაღაც ზოგადი განწყობა, ეს იყო კონკრეტულად პატრიარქთან მიმართებაში.
მე დიდი იმედი მქონდა, რომ მეუფე პეტრე ამას დაინახავდა. ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს. ასეთ სიბინძურეს აბრალებდა პატრიარქს და უფალმა გამოაჩინა, თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი. ვინმეს ეჭვი ეპარება პატრიარქის სიდიადეში? პეტრეს თუ ეჭვი ეპარება, თავის ეჭვთან ერთად იყოს სადაც უნდა და სინოდში ნუ ეტენება, ეს მისი საქმე აღარ არის. განდიდდა უწმინდესი ყველას წინაშე და განულდა პეტრე. სულიწმიდის მადლმა გამოავლინა სულ სხვა რამ და ის სულ სხვა რამეს ცდილობს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ინფორმაციისთვის, ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს. მისი მიმართვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირისა და წმინდა სინოდისადმი, 3 აპრილს, იღუმენია თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.




