“ჭრებალოს მარანი” მომავალი წლიდან სტუმრებს განთავსებასაც შესთავაზებს – ინვესტიცია ₾700 000-ია

მომავალი წლის ზაფხულის სეზონს, რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი „ჭრებალოს მარანი“ სტუმრებს განთავსების ობიექტით შეხვდება.
როგორც ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სასტუმროს მიმართულების განვითარება უკვე დაწყებულია და გახსნა 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
“გვექნება 8 ოთახი და ჯამში 24 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ. ამ დროისათვის, უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამბობს სალომე ლეკიშვილი.
მისივე განმარტებით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 700 ათასი ლარს შეადგენს. დაფინანსება Halik Bank-ის სესხით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით და ნაწილობრივ კერძო ინვესტიციით ხორციელდება.
რაც შეეხება ფასებს, როგორც სალომე ლეკიშვილი ამბობს, ოთახების ღირებულება სეზონურად 200-დან 300 ლარის ფარგლებში იქნება. მისივე თქმით, ობიექტის კონცეფცია მაღალ მხარჯველუნარიან სეგმენტზეა გათვლილი და დამსვენებლებს არამხოლოდ კომფორტს, არამედ შინაარსობრივად გამორჩეულ გამოცდილებასაც შესთავაზებს.
სასტუმროს ინტერიერი “დოდო დიზაინთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა: “სასტუმროს ოთახების დიზაინი შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, მელიკუდი, ცოლიკოური და სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს. ეს იქნება ტრადიციებისა და თანამედროვე კომფორტის სრულყოფილი სინთეზი, რაც სტუმრებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს”, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში „ჭრებალოს მარანი“ ტურისტული მიმართულებების გაფართოებასაც აპირებს და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა თემატური ტურის შეთავაზებას გეგმავს.
ინფორმაციისთვის, ღვინის წარმოება „ჭრებალოს მარანმა“ რაჭაში ოპერირება 2019 წელს, 400 000 ლარის ინვესტიციით დაიწყო.