საათის მოყვარულები ყოველდღიურად ერთი დილემის წინაშე დგანან: ჭკვიანი საათი გაიკეთონ თუ მექანიკური — CES 2026-ზე წარდგენილი Smartlet სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. მოდულარული უჟანგავი ფოლადის სამაჯურია, რომელიც საშუალებას იძლევა, ტრადიციული საათის ქვეშ ჭკვიანი საათი მოათავსოთ ისე, რომ არაფერი დაეტყოს. ასე კი საათის მოყვარულებისთვის შესაძლებელი ხდება მექანიკური აქსესუარის ოსტატობა და ემოციური დატვირთვა დააფასონ ისე, რომ შეტყობინებებზეც ჰქონდეთ წვდომა.
Smartlet პარიზში არსებულ გუნდს ეკუთვნის, რომელსაც ინჟინერი და საათების ენთუზიასტი დავიდ ოჰაიონი ხელმძღვანელობს. იდეაც ნაცნობი იმედგაცრუებიდან დაებადა და პირველად ამ წლის შუა პერიოდში გაჟღერდა. პოპულარობაც მარტივად მოიპოვა — Kickstarter-ზე დაფინანსების მიზნებს 350%-ით გადააჭარბა და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი მსურველი არსებობდა იმისა, რომ ტრადიციული საათები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილთან ერთად ეტარებინათ, არც ესთეტიკა დაეთმოთ და არც ფუნქციონალურობა.
შედეგად, სამაჯური, რომელიც ორი საათის მოთავსებას ხდის შესაძლებელს, დაპატენტებულ საკეტ მექანიზმს და მოდულარულ ადაპტერებს იყენებს. ამგვარად, შემდეგი მოწყობილობების მხარდაჭერას გვთავაზობს, მათ შორისაა Apple Watch, Samsung Galaxy Watch, Google Pixel Watch, Garmin-ის მოწყობილობები, Fitbit და Whoop.
მექანიკური მხრიდან 18-დან 24 მილიმეტრამდე სიგანის საათები ემაგრება, იქნება ეს ვინტაჟური თუ ლაქშერი ბრენდების აქსესუარები. ხოლო უჟანგავი ფოლადის კონსტრუქციით როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე დიზაინის მორგებაც მარტივად შეუძლია.
ფასი 418 დოლარიდან იწყება.
www.marketer.ge




