ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? – რას გვიჩვენებს ეკონომიკური მონაცემები

ბოლო პერიოდში სტატისტიკურად ეკონომიკური მონაცემები სულ უფრო უმჯობესდება და ისინი არ ეკუთვნის მხოლოდ ოფიციალურ, “საქსტატის” მონაცემებს. დამოუკიდებელი ანალიტიკური ჯგუფებიც სწორედ იმგვარ მონაცემებს აქვეყნებენ, რომელთა თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სულ უფრო იმატებს და ინფლაცია ლამის ნულს უტოლდება. თავისთავად ნულოვანი ინფლაცია ეკონომიკური თვალსაზრისით რომ კარგი არ არის, სხვა საკითხია. მთავარი ის არის, საზოგადოება ამ ზრდას, ფაქტობრივად, ვერ გრძნობს და ს წინაც კარგად გამოსაყენებელი თემაა. რატომ არ არის საზოგადოებაში ეკონომიკური ზრდის აღქმა, რა “ჭამს” ინფლაციას და რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ქართულ ეკონომიკაში, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
– ნებისმიერი ეკონომიკური კატეგორიის, მონაცემის გამოყენება ყოველთვის არის შესაძლებელი განსაზღვრული პოლიტიკური დასკვნებისა და მანიპულაციისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. მნიშვნელობა აქვს არა მარტო კონკრეტულ მონაცემს, არამედ მის ინტერპრეტირებასაც. ცნობილი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? ანუ რა კუთხით აფასებენ მოვლენას, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, ეს გახლავთ გარკვეული რაოდენობების წარმოჩენა და იმაზეა დამოკიდებული, შეფასება რა მეთოდიკით ხდება. ამიტომ ერთსა და იმავე მდგომარეობას ზოგი ასე აფასებს, ზოგი ისე და რა გასაკვირია, თუ პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალები აფასებენ სხვადასხვა კუთხით ერთსა და იმავე მოვლენას? ეს სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ თვით მოსახლეობის აღქმები იმას უნდა დავუკავშიროთ, რომ ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, კრიტიკულად არაერთგვაროვანია. ცხადია, სრულად ერთგვაროვანი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, მაგრამ განსაზღვრული შეხედულებათა სისტემა, მოვლენათა შეფასების კრიტერიუმები დაახლოებით ერთნაირი უნდა ჰქონდეთ. გამყოფი ხაზები კი ეკონომიკაზეც გადის და სამწუხაროდ, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ერთიანობასა და სამომავლო თანაცხოვრების მოტივაციას. ეს სერიოზული პრობლემაა და მხოლოდ იმაზე არ უნდა მოვახდინოთ აპელირება, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს ეკონომიკის მიმართ. ეს არის საკმაოდ მძიმე დასკვნა ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის შესახებ, რასაც მიხედვა სჭირდება.
– როგორ უნდა ეშველოს?
– საზოგადოებას სჭირდება ისეთი გამაერთიანებელი იდეები, ამოცანები, რომლებსაც აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანობად აღიქვამს და არ იქნება მისდამი განსხვავებული დამოკიდებულება. მაგალითად, ჯამი რომ ჭურჭელია, ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმების, წესებისა და მომავლის მიმართ. საზოგადოებაში უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ერთობლივი თანაცხოვრებისა და ურთიერთთანადგომისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებას სერიოზული პრობლემა ექნება არა მარტო იმით, რომ ემიგრაციაშია ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, არამედ იმითაც, რომ ჯერჯერობით არ მიგვიღწევია იმ კრიტიკულ დონემდე, რომლითაც შევთანხმდებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრება 20, 40, 50, 100 და მეტი წლის შემდეგ. ჯერ კიდევ ორთქლის ძრავის ეპოქის გამონათქვამები გვეუბნება, რომ გემისთვის, რომელსაც არა აქვს დანიშნულების პუნქტი, ზურგის ქარი არ არსებობს – ანუ უნდა არსებობდეს კონსენსუსი, საით მივდივართ.
საზოგადოების მიერ ეკონომიკური საკითხების აღქმას რომ დავუბრუნდეთ, საზოგადოების წევრები კონკრეტულ ფაქტებს სხვადასხვაგვარად აფასებენ იმის მიხედვით, თუ რა სოციალური პოზიცია უკავიათ მათ. ამიტომაც სახელმწიფომ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს იმისთვის, რომ მოიძებნოს საზოგადოების ყველა წევრის საერთო ინტერესების ნიშნული. ამისთვის კი უნდა გამოიყენოს არა მარტო საგადასახადო მექანიზმი, არამედ გარკვეულწილად იდეოლოგიურად მოახდინოს საზოგადოების წევრების მკვეთრი პოზიციების ნიველირება. მაშინ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებებს ექნება შესაბამისი აღქმები და ასეთი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები აღარ იქნება. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც 1 100 000 ოჯახია, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 950 ათასის ფარგლებშია – ანუ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწიოს ოჯახების შინამეურნეობების რაოდენობას. ეს იმას მოიტანს, რომ შემოსავლების ზრდა, ხელფასების მატება და ა.შ. ყველა ოჯახის მიერ თანაბრად იქნება აღქმული.
უნდა დასრულდეს ეკონომიკური რომანტიზმი და ინფანტილიზმი. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ პერიოდში ვამბობდით, ჩვენ მხოლოდ “ბორჯომი” გვარჩენსო. სინამდვილეში კი, უტრირება რომ მოვახდინოთ, “ბორჯომი” არჩენს მხოლოდ იმათ, ვინც მის ჩამოსხმა-რეალიზაციაშია ჩართული. დანარჩენ საზოგადოებას შეხება არა აქვს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გადასახადების სახით სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დიდწილად არა მარტო და არა იმდენად მხოლოდ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მოწყალე ხელზე გადის, არამედ საკუთარი უნარის, შრომის შესაძლებლობის რეალიზაციაზე; და როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ყველას არ ეძლევა ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მისი დამოკიდებულება და შეფასება არის განსხვავებული იმათგან, ვინც ამა თუ იმ მიზეზით ახერხებენ საკუთარი კეთილდღეობის დაკავშირებას ეკონომიკურ ზრდასთან. შესაბამისად, როდესაც საზოგადოების წევრების დამოკიდებულებები განსხვავებულია, პოლიტიკური ძალები ცდილობენ, აქცენტი გააკეთონ მათზე, ვინც შედარებით უკმაყოფილოა, ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას. რეალურად კი ჩვენ ბევრი პარამეტრით საკმაოდ წინ ვართ.
მაგალითად, უკვე გლობალურ პრობლემად გვექცა ის, რომ მანქანების რაოდენობა ძალიან გაზრდილია. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველოში ყოველ 100 ოჯახზე 32 მანქანა იყო, დღეს კი 165-ზე მეტია – ანუ ყოველწლიურად იზრდება. მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და საიდან? მართალია, ეს გარკვეულწილად უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უცხოეთში დასაქმებას და იქიდან ტრანზაქციებს, მაგრამ ეს დასაქმებაც ხომ იმას ნიშნავს, რომ მათი შრომა და კვალიფიკაცია შესაბამის აღიარებასა და ანაზღაურებას იმსახურებს, რაც მერე ისევ საქართველოს უბრუნდება. ამიტომ ეკონომიკურ სტატისტიკაზე ჩვენ ბევრი საწუწუნო არა გვაქვს.
ბოლო თვეებში -სა და ევროკავშირშიც ფასების დონე, საქართველოსთან შედარებით, უფრო მეტად იზრდება, თანაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ საშუალო გლობალურ მაჩვენებელს თითქმის სამჯერ გავუსწარით წინაპანდემიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წელს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ისეთი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მიუხედავად 2020 წლის საკმაოდ სერიოზული ჩავარდნისა (როდესაც ჩავარდნა 1,5-ჯერ მეტი გვქონდა, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოს), ამ პერიოდში ეს ჩავარდნაც დავძლიეთ და ისე წინ წავედით, რომ თითქმის სამჯერ გადავუსწარით საშუალო გლობალურ მაჩვენებლებს. ეს მაშინ, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირს შედარებით მოკრძალებული, ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვთ 2019 წელთან შედარებით. ჩვენ წინ მივდივართ, რაც საშუალებას გვაძლევს სამომავლოდ უფრო მაღალი პრეტენზიები გვქონდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტონალობასა და დამოკიდებულებას, ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლების განცხადებები აშშ-ის და ევროკავშირის მიმართ – მის დიპლომატიურ მართებულობა-არამართებულობას არ ვგულისხმობ – ემყარება არა მარტო პოლიტიკურ პლატფორმას, არამედ იმასაც, რომ მათ ზურგს უმაგრებს შედარებით გაზრდილი ეკონომიკა. ნაპოლეონს აქვს ნათქვამი, ფრანგულ დიპლომატიას ზურგს ფრანგული მოელვარე ხმლები უმაგრებენო, და ამის ანალოგიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ დიპლომატიას ზურგს ეკონომიკური წარმატება უმაგრებს.
– ჩვენი ეკონომიკის ამგვარ წარმატებას რა განაპირობებს?
– ზედმეტ თავდაჯერებულობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ქართველი კაცის შრომისუნარიანობა, მისი ამბიციები, საკუთარი თავის პატივისცემა და ოჯახზე ზრუნვა აძლევს მოტივაციას, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. სხვას შეიძლება აკმაყოფილებდეს არსებული, მაგრამ ჩვენ ამბიციები ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდაზე აისახება. მეორე ფაქტორია ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად ხელი შეგვიწყო რუსეთ-უკრაინის ომის გამო ტვირთებისა და მომსახურების გადმომისამართებამ საქართველოს მარშრუტზე, რაც ლადო პაპავასთან თქვენს ინტერვიუებში კარგად არის ნაჩვენები.
მშვიდობას რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ცხადია და საქართველოში მშვიდობამ განაპირობა შედარებით აღმშენებლობითი პროცესი. კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, წონადობა და საქართველო ამ მიმართულებით ხვეწს თავის როლსა და მნიშვნელობას და არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, არამედ სამხრეთიდანაც.
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობა, რომ ინდოეთი აპირებს ირანი-სომხეთი-საქართველოს გავლით ნაკადების გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც დამატებითი სტიმული იქნება შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის. ეს არის ის მიმართულებები, რაც უზრუნველყოფენ საქართველოს შედარებით დინამიკურ განვითარებას და ქმნიან პლაცდარმს, რათა ჩვენ ეკონომიკური ზრდის მიხედვით მოწინავეთა შორის ვიყოთ.
– ინდოეთიდან მომავალი მარშრუტი, რაც ახსენეთ, რამდენად რეალისტური და სანდოა გეოგრაფიისა და პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?
– ავიღოთ იაპონია, როგორც მსოფლიო მაგისტრალური გზების ჰაბი. ეს ქვეყანა უკიდურესი პერიფერიაა, მაგრამ თავისი ეკონომიკური განვითარებითა და აქტიურობით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური და ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან დაკავშირებით წინ უნდა წამოვწიოთ არა მარტო გეოგრაფიული ფაქტორი, არამედ საგადასახადო სისტემით, სამშვიდობო გარემოთი და კრეატიულობით უნდა შევქმნათ ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ არსებობდეს დაინტერესების მაღალი დონე. შეიძლება იმყოფებოდე რაღაც ისტორიულ გზაჯვარედინზე, მაგრამ პოლიტიკური კეთროვნების გამო გვერდი აგიარონ. მაგალითად, კომუნისტების რეჟიმის დროს ალბანეთი, რომელიც ევროპის ცენტრში მდებარეობს, საერთოდ ამოგდებული იყო ეკონომიკური ცივილიზაციის განვითარებიდან 1990-იან წლებამდე. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა, სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური პირობები აქ, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ საქართველომ უფრო მეტი დაინტერესება პოვოს საერთაშორისო კავშირების ხაზით. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ საერთაშორისო ინტერესების არა მარტო ობიექტი, არამედ ანგარიშგასაწევი ძალაც.
სრულად: kvirispalitra.ge

ასევე დაგაინტერესებთ