ჭიათურის მაღარო: შუქრუთელების პროტესტით წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო მუშაობა გაჩერდა

ჭიათურის მაღაროს განცხადებით, ჭიათურაში საწარმო პროცესის სრულად შეჩერების მიზეზი სოფელ შუქრუთში “მოსახლეობის რადიკალური პროტესტია”. განცხადების თანახმად, ამ წლის მარტის თვიდან, კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო წარმოების 70 %-ის შეჩერება იძულებით მოუწია, “რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა”.
“აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ. ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70 %-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს. შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.
დასაქმებული, ტარიელ მიქაცაძის თქმით, კომპანიის მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი სრულად ჩერდება.
ამას გარდა, შუქრუთის მოსახლეობა თვეების განმავლობაში აქციებს მართავდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დააზიანა. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ.