ჭიათურის მაღაროების უკანონოდ გადაკეტვის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულმა სამმართველომ, 13 მარტს, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების ადგილობრივების მხრიდან პარალიზების გამო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა მაღაროებში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობას.
„აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, თვითნებურად გათიშეს მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა, რა დროსაც მაღაროებში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება – სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი სამართლებრივ დავას იწყებს აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო. კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობაზე უკვე სრულად არის გაცემული თანხები, ნაწილზე კი – აუდიტის დასკვნით განსაზღვრული თანხის 90%-ზე მეტი. ჯორჯიან მანგანეზი განაგრძობს თანხების კატეგორიების მიხედვით გაცემას მოსახლეობასთან შეთანხმებით. ამ დრომდე, მოსახლეობას გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები. სამუშაო პროცესი სრულიად პარალიზებულია.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.