ჭიათურელი მაღაროელები 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ, ხვალ კი, 4 მარტისთვის, მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან, რომელსაც ხალხი მთელი მუნიციპალიტეტიდან შეუერთდება.
მათი თქმით, 3 მარტი მეთექვსმეტე დღეა, რაც დაპირებულ და დათქმულ ხელფასს, 60%-იან ანაზღაურებას, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ურიცხავს. მაღაროელები მხარის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, იმ პირებთან, ვისთანაც შეთანხმდა კომპანიის მხრიდან დროებითი გაჩერების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის მასშტაბის გაზრდას აანონსებენ.
გარდა ამისა, ჭიათურელები ასახელებენ რამდენიმე მსხვილ მოთხოვნას, რომელიც შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ პასუხისმგებელ პირთან შეხვედრაა, ვისაც შეუძლია მათ მოთხოვნებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა:
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში და გადანაწილდეს ბავშვებისა და მოზარდების ანგარიშებზე;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის მოძრაობდეს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000 ჭიათურაში მუშაობს.
„კომპანიას ხელფასის 60% არ დაურიცხავს, რისი ვალდებულებაც გაჩერების შემდეგ მყისიერად წარმოეშვა კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებასთან ერთად.
თუმცა ამ გაჩერების პერიოდში ინტენსიურად გადიოდა ჭიათურიდან მადანი, ანუ მოპოვებამ მაღაროებიდან ღია კარიერულზე გადაინაცვლა და ამ პრინციპით გაგრძელდება“, — ამბობენ მაღაროელები.
