ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი, მათ შორის, მოშიმშილეები თბილისში ჩავიდნენ – რა მოთხოვნები აქვთ მათ

ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი 11 მაისს თბილისში ჩავიდა. მათ შორის, სამი მოშიმშილეა – ისინი უკვე მე-17 დღეა, რაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
მაღაროელები კანცელარიასთან შეიკრიბნენ და იქიდან გააჟღერეს მათი მოთხოვნები.
“ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი არის, პირველი, იმ უკანონოდ დაკავებული ბიჭების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი თანაქალაქელების, ჩვენი პატრიოტი ადამიანების, ჩვენი ჭიათურელი ღირსეული ბიჭების გათავისუფლებას. მეორე – აქ ჩვენ არა ვართ იმის გამო, რომ ვინმეს ინფორმაცია მივაწოდოთ. მეორე და მთავარი მოთხოვნა არის უშუალოდ პრემიერ და მისი წარმომადგენელი ჩავიდეს ჭიათურაში, მშრომელებს გაესაუბროს და მათგან გაიგოს რა ხდება ჭიათურაში რეალურად; რა სჭირდება იმ პროცესებს, რომ ჩვენ დავსაქმდეთ, მაღარომ იმუშაოს. ყველაფერს გაარკვევენ ადგილზე ჭიათურაში”, – თქვა “მაუწყებელთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილე მაღაროელმა, ირაკლი ჯიქიძემ.
გარდა ამისა, ჯიქიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავი შეიკავონ მათთან არააუცილებელი, აქტიური კომუნიკაცისგან.