ჭიათურაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ორშაბათიდან მას სხვებიც შეუერთდებიან.
პროტესტი, რომელიც 2 თვეა გრძელდება, გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
ამის შემდეგ თანამშრომლები ახალ პირობებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.
24 აპრილს კომპანიამ დაიწყო თანამშრომლების დაბარება – მაღაროელებსა და სხვა თანამშრომლებს იბარებდნენ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. მენეჯმენტის მიერ მომზადებული განაცხადის ფორმიდან, – რომელიც მაღაროელებმა გამოაქვეყნეს, – ირკვევა:
· კომპანიაში იწყება „რეორგანიზაცია“, რომლის ფარგლებშიც თანამშრომელთა ნაწილი უმუშევარი შეიძლება დარჩეს;
· კომპანია არ იღებს ამჟამად მომუშავე ყველა ადამიანის კვლავ დასაქმების ვალდებულებას, – კომპანია „გამოხატავს მზაობას“ ვაკანტური ადგილების მოძიებაში დასახმარებლად;
· ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) მცირდება სამუშაო საათები 8 საათამდე.
მაღაროელები ამბობენ, რომ ამ განაცხადზე ხელმოწერით, ისინი დაეთანხმებიან ასობით თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილის გაუქმებას.
ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ, არ მოაწერონ ხელი ამ ფორმას.
„თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას… კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები – შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი“, – წერია „მაღაროელების“ ფეისბუკგვერდზე.
„ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შავით თეთრზე წერია, რაზეც აწერთ ხელს. ეს ჩვენთვის ზიანის მომტანია. ვაჩვენეთ იურისტებთ, ავახსევინეთ იურისტებს… ლაივები ჩავწერეთ, ტელევიზიაში ვისაუბრეთ, პირადად ვესაუბრეთ ადამიანებს, მაგრამ ნაწილმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, თითქოს ერთ მხარეს არ ვდგავართ“, – თქვა დღეს ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავდნენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად.
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC), – რომელიც რამდენიმე კვირის წინათ აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა, – ახლა ამბობს, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
22 აპრილს, საღამოს 10 საათისთვის, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში CMC წერს, რომ წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, – რომელსაც CMC ახასიათებს „მაღალკვალიფიციურ მენეჯერად“, რომელიც „წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა“, – სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ამ დრომდე არის ტყიბულში სამთომომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
