“ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია” – მაღაროელები ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიმართავენ

ჭიათურელი მაღაროელები “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიმართავენ და მასთან პირდაპირ შეხვედრას ითხოვენ, რათა პრობლემის სათავეში გაარკვიონ.
მაღაროელების პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნა ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებაა. მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული.
“მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ჩვენი ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
მინდა, ამ პოსტის მეშვეობით, საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრს მივმართო: ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარილ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.
კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
შთაბეჭდილება რჩება თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ასევე კომპანია, პრემიერო.
თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრები გამო თავი გაწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.
ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმე მიაღწია თქვენამდე?
ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება”,- აღნიშნულია წერილში, რომელსაც “მაღაროელი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება