ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტის 30-ე დღეა

უწყვეტი პროტესტის 30-ე დღეს ჭიათურაში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. გარდა 5 მთავარი მოთხოვნისა, რომელსაც მაღაროელები პროტესტის დაწყების დღიდან აჟღერებენ, ისინი ასევე მოითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მაღაროელებს თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ და არა – პროფკავშირები.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ, ემიჯნებიან.
ჭიათურაში საპროტესტო აქციები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მართვაში სახელმწიფოს სრულ შესვლას მოითხოვენ. კერძოდ, მათ სურთ ინვესტორი მაღაროებიდან გავიდეს და მანგანუმის მოპოვება სრულად ხელისუფლებამ ჩაიბაროს. მათივე სურვილია, ინვესტორის გასვლის შემდეგ, სახელმწიფომ მაღაროელებთან შეთანხმებით იმოქმედოს. საპროტესტო აქციების მონაწილეთა მესამე მოთხოვნა ჭიათურის სოფლებიდან ქალაქის მიმართულებით უფასო ტრანსპორტის დანიშვნაა. ჭიათურელები ხელისუფლებისგან დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებას ითხოვენ, ისევე როგორც ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ჭიათურის პროტესტმა 24 მარტიდან დედაქალაქში, მთავრობის კანცელარიასთანაც გადმოინაცვლა.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.