ჭიათურაში გაჩერებულ მაღაროებს კონსერვაცია ან ლიკვიდაცია ემუქრებათ (რ)

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.
“კონსერვაცია თუ ლიკვიდაცია – რა ბედი ელის რადიკალური ჯგუფის მიერ თვითნებური პროტესტის შემდეგ კოროხნალის და შუქრუთის პარალიზებულ მაღაროებს საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განმარტავენ კომპანიაში.
ამასთან, მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას კომპანიას მთავრობის 2013 წლის 430-ე დადგენილება ავალდებულებს. სადაც ნათქვამია, რომ „მაღაროს 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში მაიზოლირებელი და დამცავი ღონისძიებების გატარებაა“ საჭირო. მთავრობის ამავე დადგენილებაში განსაზღვრულია კონსერვაცია – ლიკვიდაციის წესი.
“სამწუხაროდ, მოხდა ის, რისგანაც თავის არიდებას მაქსიმალურად ვცდილობდით. კანონმდებლობა გვავალდებულებს მაღაროებზე დავიწყოთ კონსერვაციის პროცესი. პირველ ეტაპზე შემოწმდება შესაძლებელია მაღაროს კონსერვაცია თუ უკვე დღის წესრიგშია მისი ლიკვიდაციაა. სამწუხაროდ, გასული 6 თვის მანძილზე პროტესტის მონაწილეების რადიკალური ქმედებებით დამდგარი შედეგი, პოზიტიურ მოლოდინებს ვერ გვაძლევს “, – განაცხადა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ.
“დღეისათვის ჭიათურის 12 მაღაროდან 7 გაჩერებულია. გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა და კომპანიის წარმომადგენლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდება ბლოკირებულ მაღაროებში შესვლა და გადამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ამ პერიოდის განმავლობაში, გვირაბებში რამდენჯერმე განვითარდა ჩამოქცევა, რის გამოც მაღაროები უკვე შესაძლოა კონსერვაციას ან ლიკვიდაციას დაექვემდებაროს.
შეგახსენებთ, 13 მარტს რადიკალურმა ჯგუფმა დამატებითი კომპენსაციის მიღების მიზნით მაღაროები გადაკეტა, რის გამოც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს ჯამში 7 მაღარო. კომპანიის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებს უკვე აღებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები და მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. პროტესტის მონაწილეებს, რომ თანხები ნამდვილად აღებული აქვთ კომპანიამ ამის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა. – განაცხადეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“.

ასევე დაგაინტერესებთ