ჭარბი წონა და საფრთხეები, რომლებსაც ის გულს უქმნის – პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა

ჭარბი წონა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა საფრთხეებს უქმნის ის გულს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ კარდიოლოგს, როგორია მკურნალობის მეთოდები და რა პერიოდში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ჭარბი წონის მქონე პირმა პროფილაქტიკური კვლევები? – ამ და სხვა კითხვებს ალიასთან პასუხობს კლინიკა ნიუჰოსპიტალსის კარგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი.
– პირველ რიგში, რა არის ჭარბი წონა? როგორ განისაზღვრება? რამდენი ტიპის ჭარბი წონა არსებობს და რომელი უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის?
– ჭარბი წონა და სიმსუქნე ნიშნავს ორგანიზმში ზედმეტი ცხიმების დაგროვებას. სიმსუქნის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი პარამეტრები: სხეულის მასის ინდექსი, წელის გარშემოწერილობა და წელის გარშემოწერილობისა და სიმაღლის ფარდობა. 25 კგ/მ2-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი (BMI) ითვლება ჭარბ წონად, ხოლო 30-ზე მეტი სიმსუქნედ. ცხიმების დაგროვება ორგანიზმში სხვადასხვა სახით გვხვდება, ყველაზე საშიში ჯანმრთელობისათვის არის ვისცერალური ტიპის ე.წ. აბდომინური ანუ ვაშლის ფორმის სიმსუქნე. ამ ტიპის სიმსუქნის დროს ჭარბი ცხიმები გროვდება ძირითადად წელისა და მუცლის არეში.
– ჭარბი წონის დაგროვებიდან, დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება დაიწყოს სისხლძარღვების და გულის პრობლემები?
– ჭარბი წონით გამოწვეული გულის დაავადებების განვითარება არის ხანგრძლივი პროცესი, მოზრდილ ადამიანებს რაც უფრო ადრე უვითარდებათ სიმსუქნე, მით უფრო მეტი რისკი აქვთ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჭარბწონიან ადამიანს სავალდებულოდ რაიმე გართულება ან დაავადება ჩამოუყალიბდება. აქ საუბარია რისკებზე, რომელსაც ვაწყდებით ჭარბი წონის დროს. ჭარბ წონასთან ერთად ინსულინის მიმართ რეზისტენტობის არსებობა, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია მკვეთრად ზრდის მოზრდილთა ადრეული ასაკის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.
– რა გავლენა აქვს ჭარბ წონას გულის მუშაობაზე?
– ჭარბი წონა გულის დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი რისკ ფაქტორია. გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები და გულის უკმარისობა უფრო ხშირად გვხვდება ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. 2023 წელს ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად 1999–წლიდან 2020 წლამდე სიმსუქნესთან დაკავშირებული გულის დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები 3 ჯერ გაიზარდა.
– გულის კონკრეტულად რომელ დაავადებებს იწვევს ჭარბი წონა?
– უშუალოდ ჭარბ წონას უკავშირდება ძილის დარღვევა – ობსტრუქციული ძილის აპნოე, რაც გამოიხატება ძილის დროს ხვრინვისა და სუნთქვის პერიოდული შეჩერებით. ძილის აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენს მამრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი და ჭარბი წონა. ობსტრუქციული ძილის აპნოე, სხვა პათოლოგიური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, ზრდის გულის კორონარული არტერიების დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიების (მათ შორის, წინაგულთა ფიბრილაციის) და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
– რომელი დაავადებების მქონე პაციენტებია განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჭარბი წონის შემთხვევაში?
– სიმსუქნე ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, მათ შორის არის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ცხიმოვანი ჰეპატოზი და ზოგიერთი სიმსივნე. სიმსუქნე ჩვეულებრივ მექანიკური სტრესის გარდა ორგანიზმში იწვევს ჰორმონალურ და მეტაბოლიზმის – ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. სიმსუქნეს უკავშირდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია – ოსტეოართრიტი, დიაბეტი და ზოგიერთი
სახის კიბოს მათ შორის ენდომეტრიუმის, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარება.
– შესაძლებელია, თუ არა, არტერიული ჰიპერტენზია გამოწვეული იყოს ჭარბი წონისგან?
– ნორმალურ წონასთან შედარებით, სიმსუქნის დროს 3 ჯერ მეტია არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების რისკი. მსუქან ადამიანთა 50% -ს აქვს მაღალი არტერიული წნევა. ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg – ით იზრდება.
– როგორ დგინდება, რომ ესა თუ ის გულის პრობლემა გამოწვეულია ჭარბი წონისგან?
– თუ პაციენტს აქვს გამოხატული სიმსუქნე (განსაკუთრებით აბომინალური ფორმა) და მასთან ერთად აღენიშნება პრე-დიაბეტი ან დიაბეტი, ასევე არტერიული ჰიპერტენზია და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, მაშინ არსებობს გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების განვითარების მომატებული რისკი.
– როგორია სტატისტიკა – რამდენად ხშირია ჭარბი წონით გამოწვეულია გულის პრობლემები?
–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის 39%- 49%-ს (2,8-3,5 მილიარდი ადამიანი) აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. 1995 წელს მსოფლიოში 135 მილიონი ადამიანი იყო მსუქანი. ნავარაუდებია, რომ 2025 წლისთვის ეს რიცხვი გაიზრდება 300 მილიონამდე. შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 65% ჭარბ წონიანი ან მსუქანია. ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით 60 მილიონი ამერიკელი მსუქანია. ნორმალურ წონასთან შედარებით, სიმსუქნის მქონე მოზრდილების 51%-ს აქვს ჰიპერტენზია, 8%-ს გულის იშემიური დაავადება, 3.5%-ს გულის შეგუბებითი უკმარისობა, 3%-ს ინსულტი და 21%-ს მიოკარდიუმის ინფარქტი.
– ბავშვები და ჭარბი წონა – რატომღაც, სამწუხაროდ, პატარებში ჭარბ წონას არ აღიქვამენ საგანგაშოდ, ზოგი, პირიქით, ასე ვთქვათ, კარგ მოსაფერებლად თვლის – როგორია რეალობა ამ კუთხით?
–პირველ რიგში საჭიროა ტერმინების დაზუსტება. ჭარბი წონა და სიმსუქნე სხვადასხვა კატეგორიებია. როგორს უკვე ითქვა ჭარბწონიანად ითვლება 25კგ/მ2–დან 30 კგ/მ2–მდე სხეულია მასის ინდექსის მქონე ადამიანი. თუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2 -ს, მაშინ საქმე გვაქვს სიმსუქნესთან. ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში ჭარბი წონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2022 წელს 5 წლამდე ასაკის 37 მილიონ ბავშვს ჭარბი წონა ჰქონდა. 2022 წელს 390 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი 5-19 წლის ასაკში იყო ჭარბწონიანი, მათ შორის სიმსუქნე დაუდგინდა 160 მილიონს.. ბავშვებში ჭარბი წონის მიზეზი დიდ წილად არის არასწორი კვება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. თანამედროვე ბავშვები უფრო დიდ დროს უთმობენ ეკრანთან ჯდომას, ვიდრე ფიზიკურ ვარჯიშს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა წონის მატების წინა პირობას ქმნის.
– როგორ ხდება პაციენტის მკურნალობა ჭარბი წონის დროს?
– ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა არის პირველი რიგის ამოცანა, რომლის გარეშე სხვა ზომები არაეფექტური იქნება. გარდა ამისა არსებობს მედიკამენტური თერაპია, რომელიც ძირითადად გამოიყენება პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნის სამკურნალოდ. მესამე ხარისხის სიმსუქნესთან ერთად დიაბეტის არსებობისას, ასევე უკიდურესი სიმსუქნის დროს შეიძლება განხილული იქნას ქირურგიული ჩარევა – ბარიარტრიული ოპერაციის სახით.
– პრევენცია ჭარბი წონი და ჭარბი წონისგან გამოწვეული გულის პრობლემების –
თუ შეგიძლიათ რჩევების მიცემა?
– დავიწყოთ იმით, რომ საქმე გვაქვს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებასთან. თუ ადამიანი იღებს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავს, წონის მატება გარდაუვალია. სწორი, დაბალანსებული და ეკოლოგიურად ჯანსაღი კვება, ყოველდღიური რაციონიდან შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების ამოღება, განსაკუთრებით კი შაქრის შემცველ გაზიან სასმელებზე უარის თქმა, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა და პერიოდული სამედიცინო შემოწმება დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ როგორც ჭარბი წონა, ასევე მასთან დაკავშირებული გულის პრობლემები.
– დავუშვათ, ადამიანს აქვს ჭარბი წონა და ვერ ახერხებს, სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკლებას – რამდენ ხანში ერთხელაა სასურველი ჩაიტაროს კვლევები, რათა არ გამოეპაროს სერიოზული დარღვევები?
– 1980-იან წლებში ჩატარდა კვლევა (CARDIA), მასში მონაწილეობდა 18-30 წლის 3200 მოზრდილი ადამიანი, რომლებსაც ყოველ 2-5 წელში უტარდებოდათ შესაბამის გამოკვლევა. კვლევის მიმდინარეობის დროს 40% -ს განუვითარდა სიმსუქნე. მსუქან ადამიანთა 38 %-ს კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა გვირგვინოვანი (გულის მკვებავი) არტერიების კალციფიკაცია. მათგან განსხვავებით, არამსუქან მონაწილეთა შორის მხოლოდ 25 %-ს განუვითარდა არტერიების კალციფიკაცია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულის მასის ინდექსისა და წელის გარშემოწერილობისაგან დამოუკიდებლად, სიმსუქნით გატარებული ყოველი 1 წელი 4% – ით ზრდის მოზრდილ ადამიანის გულის დაავადების განვითარების რისკს. ამიტომ ჭარბი წონის დროს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია და საჭირო სამედიცინო კვლევები.
– სიმპტომები, რომლის დროსაც, ჭარბი წონის მქონე ადამიანმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს კარდიოლოგს.
– ჭარბი წონის მქონე ადამიანმა კარდიოლოგს უნდა მიმართოს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში : ტკივილი გულის მიდამოში, გულისცემის აჩქარება ან შენელება, ჰაერის უკმარისობა, ქვემო კიდურების შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა და ქოშინი ჩვეული ფიზიკური აქტივობის დროს. ექიმთან დროული ვიზიტი და დაავადების ადრეულ სტადიაზე ჩატარებული მკურნალობა უზრუნველყოფს გართულებების თავიდან აცილებას, პაციენტის ჯანმრთელობის აღდგენასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას.
– და ბოლოს, რომ მოგვიყვეთ, როგორ და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი და კარდიოლოგი? რა არის თქვენი სპეციალობის, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს, ყველაზე დიდი დადებითი?
– გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. დაავადების ადრეულ პრევენციით შესაძლებელია მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენა. ამიტომ ავირჩიე კარდიოლოგიის პროფესია. 30 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვმუშაობ, ამ პერიოდში ბევრი სიახლე და მიღწევა დამკვიდრდა კარდიოლოგიის დარგში, თუმცა, ვერც ამ ფაქტს გავექცევით, რომ მედიცინის განვითარების პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა არ შემცირებულა. ექიმის პროფესია დიდ შრომას და თავდადებას მოითხოვს, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ყველაზე დადებითი და დიდი სიხარული არის კავშირი პაციენტის გამოჯანმრთელებასა და იმ განცდას შორის, რომ ამ წარმატებით ამაყობენ ჩემი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი, ჩემი შვილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?