თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს.
კერძოდ, მათ ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს.
კარვების გაშლის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ რამდენიმე მიმართულებითაა შეფერხებული. კერძოდ, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.
როგორც ცნობილია, მომიტინგეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შედეგებს არ აღიარებენ. ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.