პოლიცია თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყებიდან დაახლოებით 35 საათის შემდეგ, 19 ნოემბრის დილის 07:00 საათისთვის გამოჩნდა. ოპოზიციონერ ლიდერებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ ტერიტორია, რაზეც პოლიტიკოსებმა უარით უპასუხეს.
საპოლიციო ძალების მოქმედების შედეგად აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა.
ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
აქცია ჭავჭავაძის გამზირზე კი 18 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყო და საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
მოქალაქეთა მსვლობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა „კოალიცია ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. პირველადი გეგმით პროტესტი 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ვადა 48 საათამდე გახანგრძლივდა.