3 000 ჩინური ავტომობილით დატვირთულ სატვირთო გემზე მესამე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ. ალასკის მახლობლად სატვირთო გემს ,,Morning Midas’’ცეცხლი უკიდია. ბორტზე ჩინური ავტომობილებია განთავსებული, რომელთა შორისაც 800 ელექტრომობილია. სატვირთო გემი 26 მაისს ჩინეთიდან მექსიკის მიმართულებით გამოვიდა. ხანძარი წყნარ ოკეანეში, ალეუტის კუნძულებთან ახლოს გაჩნდა.
სატვირთო გემის მფლობელი კომპანია ,,Zodiac Maritime’’-ია. კომპანიისა და სანაპირო დაცვის ცნობით, ცეცხლი გემის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც სწორედ ელექტრომობილები იყო განთავსებული. რამ გამოიწვია ხანძარი და გახდა თუ არა მისი მიზეზი ელექტრომობილები? ეს ჯერ უცნობია.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ეკიპაჟმა ხანძრის ჩასაქრობად გემის შიდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება სცადა, თუმცა ცეცხლის კონტროლი ვერ მოახერხა. გემიდან უკვე ევაკუირებულია 22 კაციანი ეკიპაჟი. მათ დახმარება ახლომდებარე სავაჭრო გემმა ,,Cosco Hellas’’-მა აღმოუჩინა.
Morning Midas 2006 წელს აშენდა, მისი სიგრძე 183 მეტრია და ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს.
