„წყლის დაზიანებული მაგისტრალური მილი მოყოლილია, აი, ამ დაყრილი მიწის მასის ქვეშ“ – ურბანისტი

„წყლის დაზიანებული მაგისტრალური მილი მოყოლილია აი ამ დაყრილი მიწის მასის ქვეშ, რომლის მოცულობაც არის 230 ათასი კუბური მეტრი.“ – ამის შესახებ ურბანისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, მისი განმარტებთ ნაყარის სიმაღლე რამდენიმე მეტრია, შეადარეთ მანქანების გაბარიტები ფოტოზე სულ ქვემოთ მოყავისფრო მიწის ჩამოჭრილი ადგილის ზომას.
„ეს მასა დააწვა მილს და დააზიანა, მისადგომად რომ გაითხაროს კი ყოველი მოჭრა იწვევს ნაყარის ჩამოშლას და მოჭრილის ისევ შევსებას, თან სახიფათოა სამუშაოდ. სულ ზემოთ დიდი ნაპრალი ფერდის მწვანე ნაწილსაც ეტყობა.
ეს მიწა აქ წლები იყრებოდა და მოტანილია მშენებლობებიდან. საგურამოს ირგვლივ წლებია მასიური განაშენიანება განვითარდა. ამდენი სახლის საძირკველიდან ამოღებული მიწა, სამშენებლო ნარჩენი ქვიშა და ხრეში სულ ასეთ ადგილებში იყრება. ეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა და იმის მაგალითი რომ მიშვებული მშენებლობები, განსაკუთრებით სუბურბანული დასახლებების გაშენება დიდი ქალაქის ირგვლივ, იწვევს ისეთ კატასტროფულ გავლენას რომელიც არ ცნობს რუკებზე გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს. ერთ მუნიციპალიტეტში რომ ამას სჩადიან, მეორე მუნიციპალიტეტში და თან დედაქალაქში, ასობით ათას ადამიანს წყალი არ აქვს პაპანაქება ზაფხულში.
ასეთი სამშენებლო ნაგავსაყრელი თბილისშიც შეგიძლიათ მარტივად ნახოთ. რამდენიმე მეტრის სიმაღლის მიწის მასები გაშლილია დიღმის ჭალებში და ჩაყრილია ვერეს ხეობის ფერდებზე, საკმარისია მაღლივის ზემოთ ნაფეტვრებისკენ გაიაროთ და ხევში ჩაიხედოთ. წიწამურთან კი ეს ყველაფერი პირდაპირ მდინარე არაგვის პირამდე ჩადის. გიფიქრიათ წლებია რომ მშენებლობებმა წაგვლეკა ცენტრშიც და შემოგარენში მშენებარე დასახლებებშიც, ამდენი ამოთხრილი მიწა და ნარჩენი მასალა სად მიდის? სად და ბუნებაში იყრება ასე უკონტროლოდ. შედეგად ვიწვევთ ეკოლოგიურ კატასტროფას, ვძრავთ მეწყერებს რომლებშიც ხალხი იღუპება და ვსპობთ სასიცოცხლო ინფრასტრუქუტურას იმ დონეზე, რომ უკვე ყოველდღიური ნორმალური ცხოვრება ხდება შეუძლებელი.“ – წერს ირაკლი ჟვანია.

ასევე დაგაინტერესებთ