წყალქვეშა მუზეუმების მოწყობა და ძველი გემების ჩაძირვა დაივინგის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, – ამის შესახებ კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორმა და “საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაივინგის მიმართ უცხოელების მხრიდან დაინტერესება არის და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულების განვითარებას ხელს არ უწყობს.
“5 წელია, რაც თბილისიდან ზღვისპირეთში გადავედი. ამჟამად, გონიოში ვარ და იქ ვავითარებ საზღვაო ბაზას. დაივინგზე ისევ ვმუშაობ, რადგან ამაში ხელს მიწყობს ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია და უამრავი ხალხი მიცნობს და ყოველ წელს მიკავშირდებიან. მათ შორის, უცხოელები და ქართველებიც. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უცხოელები დეკემბერში და იანვარში მიკავშირდებიან, რადგან ზაფხულში ჩამოსვლას გეგმავენ. მართალია, საქართველო მალდივები და კარიბის ზღვა არ არის, მაინც ბევრი მიკავშირდება. მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ყველაფერზე მოქმედებს. ჩვენს მიმართულებას არ ექცევა სათანადო ყურადღება იმისთვის, რომ განვვითარდეთ. რუსები, უზბეკები, ყაზახები – ყველა გვჯობია დაივინგის მიმართულებით. ქართველებს დაივინგის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ არაბები და ინდოელები უფრო მეტი მომმართავენ, ვიდრე ქართველები. ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროპელებისგან და რუსებისგან არის და როდესაც იგებენ, რომ ამ ყველაფერზე 1 ადამიანი მუშაობს მთელ ზღვისპირეთში, არ სჯერათ. ქალაქში საერთოდ არ არის დაივინგ ცენტრი, როცა მაგალითად, ბულგარეთში 20-30 დაივინგ ცენტრია. ნავმისადგომიც არ გვაქვს, რომ ნავი დავაყენოთ, გავიყვანოთ და როგორც პირველყოფილი ადამიანები ამ ნავს შევიტანთ, გამოვიტანთ და ვწვალობთ. ამდენი სასტუმრო აშენდა და ერთი ნავმისადგომი არ აქვს.
2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს გერმანული ინვესტიციით, შავ ზღვაში გემი ჩავძირეთ, რამაც ძალიან კარგად იმუშავა და 1 გემის ჩაძირვამ საკმაოდ წინ წაგვწია. გამომდინარე იქიდან, რომ არასწორ ადგილას და არასწორ სიღრმეზე იყო გემი ჩაძირული და პროფესიონალების მითითებები არ იქნა გათვალისწინებული, აღნიშნული გემი შტორმის დროს დაინგრა. დაივინგის განვითარებისთვის ყურადღება არის ნული. საჭიროა რეგიონების განვითარების მიმართულებით, რომ გამოიყოს რესურსები ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა”, – აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავით ნიკოლეიშვილი დაივინგის გარდა, ღვინის მიმართულებაზეც მუშაობს. კერძოდ, უკვე წლებია შავ ზღვაში ღვინოს აძველებს და შემდეგ აუქციონზე ყიდის. იდეის ავტორმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი და საქმიანობა წყალქვეშა მეღვინეობის განვითარებაა. დავით ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა მიმართულებების განვითარებისთვის სხვადასხვა უწყების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
წყარო: bp.ge
