აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტის”, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს გამთენიისას, ინციდენტი მოხდა აფხაზეთის “სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის” სტუდიის უშუალო სიახლოვეს:
„უცნობმა პირებმა, რომლებიც 15 ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ჰაერში გაისროლეს. ინციდენტის დროს ტელევიზიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სტუდიაში, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია“.
თუმცა აფხაზეთის “პრეზიდენტის” საინფორმაციო ცენტრმა მოგვიანებით გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ცეცხლი გახსნეს დაცვის თანამშრომლებმა:
„ტელეკომპანიის ტერიტორიასთან მოვიდნენ, სავარაუდოდ, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მაუწყებლობაზე კონტროლის დასამყარებლად. დაცულ ტერიტორიაზე შეღწევის თავიდან ასაცილებლად, დაცვის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, გაეკეთებინათ გამაფრთხილებელი გასროლა. ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა ვითარების სტაბილიზება და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“.
ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ კი წერს, რომ „ტელევიზიის დამცველებმა ერთმანეთში იკინკლავეს და ცოტაც გაისროლეს“.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა ოპოზიციურმა რესურსმა „აფსნი ხაბარმაც“:
„ასლან ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი უფრო მეტს ცრუობს, ვიდრე თვითონ ასლან ბჟანია. აფხაზეთის ტელევიზიასთან სროლის შესახებ უკვე მთელმა ქვეყანამ იცის. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მსროლელები ჯერ უცნობი პირები იყვნენ 15 ავტომობილით, შემდეგ – „სავარაუდოდ ოპოზიციონერები“ აღმოჩნდებიან, ბოლოს აღმოჩნდებიან კან კვარჩია, ლევან მიქაა და ადგურ არძინბა. სროლის ყველაზე სავარაუდო წყაროდ გვესახება ირინა აგრბას და ანა გუნიას საინფორმაციო პოლიტიკა. ოდესღაც სახელმწიფო ტელევიზია იქცა ირინა აგრბას სახელობის ტელევიზიად, რომელიც უკვე მესამე დღეა, რეკლამას უკეთებს აფხაზეთის ფანტომური პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პროპაგანდისტულ კონვეიერს“.
„აფხაზური პორტალი“ ადრეც წერდა, რომ „აფხაზეთის ტელევიზიაში ფაქტობრივად შექმნილია ხელისუფლების ანალიტიკური შტაბი, რომლის ამოცანაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ყველაზე დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენა“. 17 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა არხის თანამშრომლების კომენტარები, რომლებშიც ისინი უარყოფდნენ ჭორებს იმის შესახებ, რომ შეიარაღებული პირები აკონტროლებენ ეთერს და ახდენენ თანამშრომლებზე ზეწოლას.
15 ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ ოპოზიციას ე.წ. სამთავრობო კომპლექსი აქვს დაკავებული და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.
ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობს:
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა.
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს.