წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, წულუკიანს სასამართლოში დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სასამართლომ ყოფილ დამსაქმებელს განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება დაავალა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია:
„სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას“ — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში, რადგან მოპასუხეს აქვს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა, თანამდებობა მუზეუმების ათობით მეცნიერ-თანამშრომელს დაატოვებინეს. მათმა დიდმა ნაწილმა სასამართლოში იჩივლა და დავა მოიგო კიდეც.