წულუკიანმა პასუხი აგოს კანონდარღვევებზე – პროფაკავშირები ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავენ

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმდჯომარეს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე.
ამის შესახებ საერთო მიმართვაშია საუბარი, რომელსაც ხელს აწერს კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანი და პროფესიული კავშირის წევრი 430 ადამიანი.
პროფკავშირების განცხადებით, დოკუმენტი ადრესატებს დღეს, 9 იანვარს, გადაეგზავნებათ.
„ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ, მიზანმიმართულად დამანგრეველ, ანტიეროვნულ, ანტისოციალურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკას, რომელსაც ეწირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საერო, რელიგიური და პრეისტორიული არქეოლოგიური და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, თეატრები, კინო, ოპერა, შემოქმედებითი სივრცეები, მწერლობა, ხელოვნება და ადამიანები.
მინისტრის მხრიდან სისტემატურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა. ადგილი აქვს ადამიანების შევიწროებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებს“, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.
ამასთან, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები მოითხოვენ, რომ კულტურის სფეროს ინსტიტუტებს პროფესიული ავტონომია მიენიჭოს.
„მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის, როგორიცაა: გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება, შრომის კოდექსის დარღვევა, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და სხვა მრავალი.
ასევე მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.