წულუკიანი მზია ამაღლობელზე: ძალიან მაღელვებს, თუმცა ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა ძალიან აღელვებს და ახსოვს მისი პოზიციაც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს ქუჩიდან ებრძოდნენ, თუმცა ჟურნალისტობა და შიმშილობა შანტაჟის იარაღი ვერ იქნება.
„მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს, მაგალითად, ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს. ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, ის ამას შეწყვეტს. იმიტომ, რომ ერთია, დღეს რომ გჯერა, სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მშვიდობიანად ჩაივლის და დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს ძალიან მაწუხებს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამავდროულად, წულუკიანმა თქვა, რომ არ შეიძლება, ჟურნალისტები თუ უცხოელები საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად აშანტაჟებდნენ.
„მე, მხოლოდ როგორც ერთი ადამიანი, ერთი ქალი, ოპოზიციაში ნამყოფი — და ქალბატონი მზიას რეაქციებიც მახსოვს მაშინ, ხომ, როცა ყველანი ქუჩაში ვებრძოდით იმ ნამდვილ რეჟიმს, მე ხომ ამნეზია არ მჭირს?! — მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვისურვებ მისთვის. კარგში შედის შიმშილის შეწყვეტა, ჯანმრთელობა, კარგ ხასიათზე ყოფნა, თავისუფლება და ა.შ. მაგრამ ერთი წუთი გადავდოთ, ვინ რას ვგრძნობთ და რას ვისურვებდით, ჩვენ ზუსტად ასე ვიცხოვრეთ: „მოდი, რა, არ გვინდა დასჯა“, „მოდი, რა, ვიყოთ ლმობიერები“, „უცხოელები რას იტყვიან“… მერე მივხვდით, რომ სულაც არ არის მიუღებელი, კანონი გამოიყენო ისე, როგორც კანონში წერია და ჟურნალისტი იქნება თუ უცხოელი, არ მისცე უფლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდე. ეს სახელმწიფოსთვის არის ცუდი. თუ ყველა იფიქრებს, რომ პოლიტიკოსი ვარ და ვერ ჩამსვამენ, თუ სისხლის სამართლის კანონს დავარღვევ, ეს ინდულგენცია ვერ იქნება. დიდხანს იყო ინდულგენცია. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. „ჟურნალისტი ვარ და იცოდეთ, ვიშიმშილებ“ არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი. თუ მივეჩვევით, რომ პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 25 დღეა, შიმშილობს.
ის 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.