ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართული ოცნება “დღეიდან საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წვეყტს”.
“უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები, არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს.
ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.
მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.
საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მყოფი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და ამისი მოსახლეობის მიერ”, – თქვა თეა წულუკიანმა.
***
დღეს, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებს.