წულუკიანი: ბატონ ბიძინასთან თითქმის ყოველდღიური, ძალიან კეთილგანწყობილი კავშირი მაქვს

ბატონ ბიძინასთან თითქმის ყოველდღიური, ძალიან კეთილგანწყობილი კავშირი მაქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, მისგან 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, თუ სწორად ვიხსენებ ამ წინადადებას, მე ვარ ნაწყენი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და განხეთქილება ამაში მდგომარეობს. ბატონ ბიძინასთან თითქმის ყოველდღიური, ძალიან კეთილგანწყობილი კავშირი მაქვს. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. როგორც ის ხშირად აღნიშნავს ხოლმე, პირველი დღეებიდან ერთად მოვდივართ ამ ბრძოლაში და ჩემთვის ეს დიდი პატივია. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ 12 წლის განმავლობაში. არასდროს დამავიწყდება, ხშირად მახსენდება ის ნათელი დღე ჩვენი ოპოზიციური ბრძოლისა, როდესაც სრულიად უიმედო მდგომარეობაში, როდესაც დაგვდევდნენ, გვემუქრებოდნენ მკვლელობით, დაპატიმრებით, გაუპატიურებით და ა.შ. 2011 წლის ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა გაზეთში განცხადება და თქვა, რომ ის ებმებოდა ჩვენთან ერთად, უკვე ღიად, თორემ ის მანამდეც იყო ჩართული ამ ბრძოლაში, ღიად ებმებოდა და ის გვიხელმძღვანელებდა. ჩვენ მივაღწიეთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც მივაღწიეთ. ამიტომ, ის რჩება ჩემთვის ყველაზე დიდ ფიგურად. დღესაც გვაქვს ეს დისკუსია, თუმცა მისი განუხრელი პოზიციაა, რომ მე ვარ საპატიო თავმჯდომარე პარტიის, თქვენ თქვენი დამოუკიდებელი საქმე აკეტეთ და თუ რამ რჩევა დაგჭირდათ, აქ ვარ.

რაც შეეხება დანარჩენ ტყუილებს, ეს ტყუილ განხეთქილებასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ მგონი მოცემული არხის ბოლო ტყუილი იქნება და კრება დარჩება მხიარული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.