წულუკიანი: არ იქნებოდა ურიგო, UK-ის სანქციებზე ჩვენს მოქალაქეებს საჩივარი სტრასბურგში შეეტანათ

“ოცნების” დეპუტატი, აცხადებს, რომ “არ იქნებოდა ურიგო” დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქციებულ პირებს საჩივარ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეტანათ.
იგი ამტკიცებს, რომ სანქციების შედეგად ამ ადამიანებს “საკუთრების უფლება შეეზღუდათ.”
“არ იქნებოდა ურიგო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს რაღაცა ტიპის შეზღუდვებს, ამ შეზღუდვებზე ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და ვინაიდან ეს ქვეყანა არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, სტრასბურგის სასამართლოში შესულიყო საჩივარი. მგონია, რომ ამაზე ფიქრი დღესაც ღირს და არ არის გამორიცხული შედეგიანიც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ აქ საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, თუ იქნებოდა საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ მან თავისი ბიზნესი ვეღარ განკარგა, აქ მაინცდამაინც, პირველ რიგში, არ ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
შეიძლება სხვა ბიზნესმენებმა ან არაბიზნესმენებმა, რომლებმაც გარკვეული შეზღუდვა დაუწესდა, გაიაროს ყველა პროცედრული ეტაპი, როგორც წესი და რიგია, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება, თავისუფალი მიმოსვლის უფლება”, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულთა შორის არიან: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, კოკა კაციტაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.