წულუკიანის კომისიის მიმართვის შემდეგ პროკურატურამ ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დაიწყო გამოძიება ოპოზიური პარტია “ძლიერი საქართველოს” (წარსულში “ლელო”) ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების დაწყების საფუძველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს მიმართვა გახდა.
კომისიამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვისას. ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება და ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მამუკა ხაზარაძეც იყო ჩართული.
თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას “ცირკი” უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა:
“მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!.. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ“, – დაწერა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა 25 მარტს.
კომისიამ პარლამენტში იმავე საქმეზე დაიბარა მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი და ბიზნესპარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, თუმცა მანაც, ხაზარაძის მსგავსად, უარი თქვა იქ მისვლაზე.
26 მარტის სხდომაზე თეა წულუკიანმა თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც მიმართავენ პროკურატურას.
“ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა შეისყიდა მომსახურება “საქართველოს ფოსტისაგან” და ფელდეგერი გამოცხადდა ბატონი ბადრი ჯაფარიძის საცხოვრებელ მისამართზე თბილისში, გუშინწინ დილის ცხრის ნახევარზე, მაგრამ მას კარი არ გაუღეს.”
“ამის შემდეგ ფელდეგერს მოუწია პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ოფისში მისვლა, სადაც ბატონი ბადრი არ დახვდა, თუმცა ფელდეგერი მეორედ მივიდა ოფისში, ბატონი ბადრი იყო ადგილზე, თუმცა მასთან შესახვედრად მოავლინა ორი თანამშრომელი, მათ შორის ერთი იურისტი, რომელმაც შესთავაზა ფელდეგერს, რომ მისთვის გადაეცა წერილი, გააცნობდა ბატონ ბადრის და დაუბრუნებდა პასუხს. თუმცა წერილითვე, სადაც იყო ჩვენი ოფიციალური შეტყობინება, უკან დაბრუნდა თანამშრომელი და ფელდეგერს განუცხადა, რომ ბატონ ბადრის არ სურდა ამ წერილის ჩაბარება”, – თქვა წულუკიანმა.
“ვინაიდან სამართლებრივად და პროცედურულად სხვა გამოსავალი აღარ აქვს კომისიას, მე გთავაზობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, სავარაუდოდ, უკვე არის სახეზე, დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს სამართლებრივად”, – დასძინა კომისიის თავმჯდომარემ, რის შემდეგაც კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქმის პროკურატურისთვის გადაგზავნას.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.