წულუკიანის კომისია ახლა უკვე ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმართავს პროკურატურას

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მიმართავს. ოქრუაშვილთან კითხვები ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ის სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ოქრუაშვილი 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სხდომაზე გამოცხადების შესახებ ირაკლი ოქრუაშვილს აცნობეს ტელეფონით და გაუგზავნეს კურიერიც, რომლისგანაც პოლიტიკოსმა წერილი არ ჩაიბარა.
„ის ჩვენ გამოგვეხმაურა ფეისბუკპოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ ის იმ დღეს „ლაივში“ ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას. რა თქმა უნდა, იმ სხდომის განმავლობაში მას რამდენჯერმე მოვუწოდეთ გამოცხადებისაკენ – ამ წუთში არის ასეთი ვითარება, სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს პროკურატურას“, – თქვა თეა წულუკიანმა.
საკითხს კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა.
ამავე კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს „ ბანკის“ მეწილეებმა და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მ და ბადრი ჯაფარიძემ. „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მათ წინააღმდეგაც მიმართა პროკურატურას.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
ფორუმი