“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე წერს, რომ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ჯაფარიძე, მისი თანამებრძოლის, მამუკა ხაზარაძის მსგავსად არ აპირებს უწყებაში მისვლას. ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებიოკომისიას, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას იკვლევს. ხაზარაძე და ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე გამოსაკითხად დაიბარეს. ისინი აცხადებენ, რომ არ აღიარებენ პარლამეტის ლეგიტიმურობას, შესაბამისად, არც ამ პარლამენტში შექმნილ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
“თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება. პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას. შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან”, – წერს ჯაფარიძე.
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა. უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან 1-წლიან პატიმრობას.
მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთს ღონისძიების შეფარდების სხდომა ხვალ, 2 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
