პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, პროკურატურაში ბრალი წაუყენეს. მასაც, ისე როგორც სხვა ოპოზიციონერებს, „ქართული ოცნების“ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას ედავებიან.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით.
ის სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ოქრუაშვილი 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას. მას კომისიაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით იბარებდნენ.
„არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ.
ამავე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50- ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ უცნია არცერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და უკვე ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 2025 წლის 27 მარტს კი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც მთავარ ოპოზიციურ პარტიებს მოიაზრებენ, „არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“, რადგან „ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
„ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი…“ – თქვა მდინარაძემ.
