ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მიზეზი „ქართული ოცნების“ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
გიორგი ვაშაძე ისე, როგორც სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა დაიბარა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეა.
ოპოზიციონერი ლიდერებიდან სხდომაზე მხოლოდ გიორგი გახარია მივიდა (პარტიის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი), სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო.
ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი).
ამ ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ფორუმი
