გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიამ დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.
ამავდროულად, დღეს კომისიაზე დისტანციურად გამოიკითხა გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. კომისიაზე ონლაინ რეჟიმში სხვა დროსაც გამოკითხულან, მაგალითად პატიმრები.
„კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. ონლაინ რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ — ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“, — ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
პარტიის ცნობით, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება.
პარტია „საქართველოსთვის“ მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებული წერილის მიხედვით, დისტანციური ჩართვის შესახებ წერილის საპასუხოდ, თეა წულუკიანი გიორგი გახარიას წერს:
„გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენი გამოცხადება თბილისში ორშაბათს, 2025 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე, რის შესახებაც პირადად გეცნობათ 2025 წლის 16 ივნისს“.
კომისიის წევრ თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, გახარია, მართალია, ბრალდებული არ არის, მაგრამ „სხვა სტატუსი“ აქვს, რაც სხდომაზე გამოცხადებას ავალდებულებს.
„დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე რაღაც მოვლენის, ან დაზარალებული. ეს სტატუსი აბსოლუტურად სხვა რამეა. გახარიასთან როდესაც გვაქვს საქმე, ის არის პასუხისმგებელი ჩორჩანას მოვლენებზე. ეს აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს მას. ბრალდებულს ვერ ვიტყვი, რადგან ბრალდებული არის თუ არა, ამას პროკურატურა გაარკვევს. ის არ არის არც მოწმე და მით უმეტეს, არც დაზარალებული, ამიტომ კეთილი უნდა ენება და როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომისიაზე იყო გამოსაცხადებელი, მოსულიყო ამ სხდომაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ამას ერთად ვნახავთ“, — განაცხადა შარმანაშვილმა.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს.
ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით გახარიას კითხვები კომისიამ 14 აპრილის სხდომაზეც დაუსვა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩორჩანის შესახებ პროკურატურაში მოკვლევა იმ გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ეხება:
· საბოტაჟს;
· დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
· უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
