წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტროში ლაშა ბაქრაძეზე დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო

კულტურის მინისტრი, ამბობს, რომ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურში დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყეს. წულუკიანის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ სრული არა, უმრავლესობა ლაშა ბაქრაძის ამ განცხადებას უყურებს მხოლოდ ერთ ჭრილში – ეს გახლავთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჭრილი. ჩვენ, კულტურის სამინისტრო ამ განცხადებას ამ ჭრილშიც ვუყურებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ვინაიდან ვართ კულტურის სამინისტრო, როგორც ზედამხედველი სახელმწიფო უწყება, ამ განცხადებას ვუყურებთ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში.
არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ. როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური, თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი. მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს მათ შორის მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი”, – ამბობს წულუკიანი.
***
3 სექტემბერს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მ საარჩევმო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე თქვა:
“ჩვენ გვერდით დგანან თინა, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიში და, იმ “ნახმარ სახეებს”, რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს”.
გუშინ, 4 სექტემბერს ბაქრაძემ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა.
“თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”, – დაწერა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ