სახალხო დამცველის განცხადებით, 12 თებერვალს მისივე რწმუნებულებმა, მათ შორის, აპარატში დასაქმებულმა ექიმმა საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი მოინახულეს. ექიმი პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაციასაც გაეცნო.
ომბუდსმენის ცნობით, სამედიცინო ბარათის თანახმად, აფგან სადიგოვის წონის გამოხატული კლება აქვს, ხოლო ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, “სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება”.
სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, აფგან სადიგოვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. “თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს”.
“სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას, მის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საექსტრადიციო საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა სადიგოვი 10 თებერვალს მოინახულეს. მათი განცხადებით, “მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები.”
აფგან სადიგოვი უკვე 145 დღეა შიმშილობს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.
მშრალ შიმშილობაზე აფგან სადიგოვი მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ სხდომაზე პროკურატურას არ ჰქონია არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც აფგან სადიგოვის მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა.
ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სასამართლომ არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე – სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2024 წლის 4 მარტამდე აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
ახლა აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ეს ფორმა ახლა კიდევ უფრო სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/66b47c03-e918-4254-aa76-df5ef70ed4c7_cx0_cy8_cw0_w1200_r1-NLq8Ah-300x169.jpeg)