XVII საუკუნეში, 1643 წელს, როცა ქართველებმა უკანასკნელად განაახლეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, სავანის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკიფორე ჩოლოყაშვილის კურთხევით, მონასტრის კედელზე დაუხატავთ ფრესკა ახალი ქართველი მოწამე ქაიხოსროსი.
წმინდა მოწამე ქაიხოსროს შესახებ ისტორიამ თითქმის არაფერი შემოგვინახა. ცოტა რამ ვიცით მისი ღვაწლისა და მოწამებრივი აღსასრულის შესახებაც. ერთადერთი ცნობა XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება.
მღვდელმთავარი აღწერს იერუსალიმში მოგზაურობისას ჯვრის ქართველთა მონასტერში ნანახ სიწმინდეებს, აღაპებს, ფრესკებს და აღნიშნავს: „…და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა“. ჩამოთვლილ წმინდანთა შორის იგი ახსენებს „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველს, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“.
როგორც ამ ცნობიდან ირკვევა, ქაიხოსრო ქართველი ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა და 1612 წელს რწმენისათვის მოწამეობრივად აღესრულა.
სამწუხაროდ, ჟამთა სვლამ არც წმინდანის ფრესკა შემოგვინახა. მისი გამოსახულება იმდენად დაზიანებულა, რომ ორი საუკუნის შემდეგ კედლიდანაც გამქრალა. 1845 წელს მეცნიერ ნიკო ჩუბინაშვილს ჩრდილოეთ კედელზე, სავარაუდოდ, ტიმოთე გაბაშვილის მიერ აღწერილი ფრესკები ვეღარ გაურჩევია, რადგან „ტენისაგან მრავალი ადგილი დაშლილა და ჩამოცვენულა, სახენი და მათ ზედა ნაწერნი შებღალულან“.
ასე დაიკარგა ის ერთადერთი მეტყველი სახე, რომელიც წმინდანის შესახებ უამბობდა შთამომავლობას…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რწმენისათვის აღსრულებულ ქაიხოსრო ქართველს 29 ივნისს იხსენებს.
საპატრიარქოს უწყებანი – თამარ ასათიანი29 – 2020 წ