წლის პირველ ნახევარში არაფინანსური კომპანიების მთლიანი ვალის მოცულობამ 38 მილიარდ ლარს გადააჭარბა

გლობალური ფინანსური პირობების გამ­კაცრების კვალდაკვალ არაფინანსური კომ­პანიების დამოკიდებულება საგარეო დაფი­ნანსების წყაროებზე მცირედით შემცირდა. ამასთან, მათი დაფინანსების სტრუქტურაში ადგილობრივი საბანკო სესხებისა და კორ­პორაციული ობლიგაციების მოცულობის ზრდის დინამიკა გამოიკვეთა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია.
„2024 წელს კომპანიების მთლიანი ვალის მოცულობამ 38 მილიარდ ლარს გადააჭარბა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ვალის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საბანკო სესხების ზრდას მიუძღვის, რომლის წილმაც მთლიან პორტფელში ასევე ისტორიულ მაქსიმუმს – დაახლოებით 70 პროცენტს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით მეტია. ამის საპირისპიროდ, 2022-ის მესამე კვარტლიდან მოყოლებული გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, კომპანიების მიერ საგარეო წყაროებიდან მოზიდული დაფინანსება შემცირებას განაგრძობს. შესაბამისად, წინა წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად შემცირდა საგარეო დაფინანსების წილი მთლიან ვალში, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კერძო კომპანიებში საგარეო დაფინანსების მოცულობის კლება ფიქსირდება, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში კი ზრდა გამოიკვეთა.
არაფინანსური კორპორაციების ობლიგაციების გამოშვების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. კერძოდ, 2023 წლის ბოლოსთვის ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა გაორმაგდა. ამის კვალობაზე, მიუხედავად არაფინანსური კომპანიების ვალის მთლიან პორტფელში მცირე წილისა, საყურადღებოა ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების მოცულობის მკვეთრი ზრდა. აღნიშნული კი შესაბამისი კომპანიებისთვის გაცვლითი კურსის მერყეობიდან მომდინარე რისკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით კი გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე. უკანასკნელი 4 კვარტლის განმავლობაში, არაფინანსური კომპანიების მთლიანი ვალის დოლარიზაციის შემცირების ტემპი შენელდა“, – ნათქვამია ანგარიშში.