მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ წლის დასაწყისში ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ბიზნესაქტივობაზე გავლენა იქონია, თუმცა დღეისთვის ბიზნესი გააქტიურებულია. ამის შესახებ მან MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მიკროსაფინანსო დარგის საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა წელს არის „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.
არჩილ ბაკურაძემ „კრისტალის“ მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ არსებულ აქტივობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორს წლის ბოლოსთვის კარგი მოლოდინები აქვთ, თუმცა რიცხვების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„დღეს ბანკი „კრისტალი“ მომხმარებელს ბევრად უფრო მეტი სერვისით ემსახურება. ჩვენ აქამდე სესხზე ორიენტირებული კომპანია ვიყავით, მაგრამ ფინანსური ჩართულობა დამოკიდებულია სხვა პროდუქტებზე, მაგალითად როგორიც არის დანაზოგი, გზავნილები, დაზღვევები. შესაბამისად, ძალიან კარგი ზრდა და ბევრი საქმე გვაქვს.
შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან მიკრობანკის ლიცენზია ჯერ სამი თვეა რაც მივიღეთ, წლის ბოლოს უფრო ცხადი იქნება, მაგრამ როგორ ვიცით ზრდა უფრო მეტი გვექნება. როგორც იცით, წლის დასაწყისი რთული იყო, რადგან ამ პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა ბიზნეს აქტივობაზე, მაგრამ ვხედავთ მდგრად აღდგენას, განსაკუთრებით ტურიზმში და თუ ასე გაგრძელდა წელი საკმაოდ წარმატებული იქნება.
ჩვენს დონეზე ძალიან დიდი აქტივობაა, განსაკუთრებით მარტსა და აპრილში იყო დიდი აღდგენა, დიდი მოთხოვნაა სერვისებზე, იზრდება ჩვენი დეპოზიტის ტიპის პროდუქტები. თუ ზაფხული ასე გაგრძელდა და შემოდგომაც ძალიან აქტიურია ხოლმე, ვფიქრობ, სექტორში კარგი ზრდა გვექნება“, – განაცხადა ბაკურაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე იგრძნეს თუ არა მიკრობანკებმა კრიზისი, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასე პასუხობს: „კრიზისს როგორ ვერ ვგრძნობთ, ჩვენ ხომ პულსზე გვიჭირავს ხელი და ყველაფერს ვგრძნობთ. თითოეული სიტყვა მოქმედებს განწყობებზე და დღევანდელი კონფერენციის განხილვის საგანიც ეს არის, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები უბრალო ადამიანებზე არ უნდა ისახებოდეს“.
