წლის განმავლობაში რუსეთიდან დაახლოებით 1.5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოგვაქვს, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ნამოხვანის გამომუშავება – გრედა

საქართველოს სამი დიდი წყალსაცავიანი, ანუ კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურის აშენების პოტენციალი აქვს. ესენია: ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამოხვანჰესი. სამივე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, რათა პროექტები განვითარდეს და შედეგად, ქვეყანამ ყველა ის სიკეთე მიიღოს, რაც განვითარებაში დაეხმარება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „გრედას“ პროექტის მენეჯერი მატა გორდეზიანი აცხადებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ინვესტორს ბიუროკრატიულ ნაწილშიც, იქნება ეს სხვადასხვა უფლების მოპოვება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მიწების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ.
„საქართველოში გვაქვს პოტენციალი, ავაშენოთ სამი დიდი წყალსაცავიანი, ანუ კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური. ესენია: ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამოხვანჰესი. ამ ეტაპზე სამივე პროექტის მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა მასშტაბებზე რომ ვისაუბროთ, რა პოტენციალს გვაძლევს ეს ჰიდროელექტროსადგურები, საუბარია დაახლოებით 1300 მეგავატ ელექტროენერგიაზე, რაც ენგურჰესის გამომუშავებას უტოლდება.
ზოგადად, როცა ვსაუბრობთ კაშხლოვან ჰესებზე, ხშირად მოდის ხოლმე კონტრარგუმენტი, რაში გვჭირდება ამხელა ინფრასტრუქტურა, ამხელა მშენებლობის წამოწყება, როცა შეგვიძლია, რომ ავაშენოთ პატარა, მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, რათა არ მოგვიწიოს წყლის დაგროვება და ტერიტორიების დატბორვა. ძალიან დიდი განსხვავება, რაც აქვთ წყალსაცავიან და მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰესებს, არის ის, რომ წყალსაცავიან ჰესს შეუძლია იყოს ელექტროსისტემისთვის მარეგულირებელი სადგური, რაც შემდეგს ნიშნავს: მარეგულირებელ სადგურს აქვს ფუნქცია, რომ ელექტროსისტემა დაარეგულიროს. მაგალითად, თუ სისტემაში უეცრად გაჩნდება მოთხოვნა მეტ ელექტროენერგიაზე, ან პირიქით, საჭირო იქნება, რომ ნაკლები ელექტროენერგია გამოვიმუშაოთ, რაღაც ავარია მოხდება. ასე ვთქვათ, სისტემას ემსახურება როგორც რეზერვი, რომ ნებისმიერი დისბალანსი აღმოიფხვრას. როცა წყალი წყალსაცავში გაქვს დაგროვილი, ეს არის პოტენციური ელექტროენერგია, რადგან წყალსაცავიან ჰესში შეგიძლია, გამომუშავება ძალიან მალე დაიწყო“, – აცხადებს მატა გორდეზიანი.
მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი დისბალანსი ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებაში, რის გამოც გვიწევს იმპორტი რუსეთიდან განვახორციელოთ, რადგან ტარიფები შედარებით დაბალია, ვიდრე აზერბაიჯანსა და თურქეთში.
„წლის განმავლობაში რუსეთიდან დაახლოებით 1.5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოგვაქვს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ნამოხვანის გამომუშავება და უნდა ჩაენაცვლებინა პიკური პერიოდის იმპორტი.
კაშხლოვანი ჰესების გარეშე რა ვარიანტიც შეგვიძლია, განვიხილოთ, არის ის, რომ დავამატოთ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, რაც ერთი მხრივ, არის არაგანახლებადი ენერგიის გამოყენება და მავნეა გარემოსთვის, მეორე მხრივ კი დამოკიდებულს გვხდის მეზობელ ქვეყნებზე, რადგან ბუნებრივ გაზს ჩვენს ქვეყანაში არ მოვიპოვებთ. კიდევ ერთი გამოსავალია ე.წ. ენერგიის შემნახველი მოწყობილობები, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ ელექტროენერგია და თან არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება. ამდენად, საქართველოსთვის ყველაზე პერსპექტიული და ეფექტიანი მეთოდი დისბალანსის აღმოსაფხვრელად არის სწორედ წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. სამწუხარო ფაქტია, რომ უკვე უნდა გვქონდეს აშენებული ეს ჰიდროელექტროსადგური, მაგრამ ამის ნაცვლად გვიწევს, ასეულობით მილიონი გადავიხადოთ, როგორც ჯარიმა“, – ამბობს მატა გორდეზიანი.