წლის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 8 მილიონ მოგზაურზე უნდა გავიდეთ, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს აბსოლუტურად რეალისტური და მიღწევადი მაჩვენებელია.
„თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდება, ნამდვილად რეალურია ამ მონაცემზე გასვლა. ამ ეტაპზე, მთელ მსოფლიოსა თუ რეგიონში არსებული ტურბულენტური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, მარკეტინგული კამპანიებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ფრენებისა თუ სიხშირეების დამატებით, მუდმივი მუშაობით პარტნიორებთან, მოგვეზიდა და დაგვეინტერესებინა ახალი ტურისტული ბაზრები. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაც არსებობს ჩვენს საქმეში, თუმცა, ის სტატისტიკური მონაცემები, რაც მივიღეთ წლის პირველ 6 თვეში, მეტყველებს სწორ მუშაობაზე“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოგზაურის გემოვნებას მოერგოს.
„ჩვენ 4-სეზონიანი ტურისტული ქვეყანა ვართ და ძალიან მრავალფეროვანი, განსხვავებული ტურისტული პროდუქტები გვაქვს. თუნდაც, თუშეთის ტურისტული პროდუქტი ავიღოთ, სავსეა თუშეთი ევროპელი მოგზაურებით. ამით სწორედ იმის ხაზგასმა მინდა, რომ საქართველოში ყველანაირი მოგზაური მონახავს თავისი გემოვნების შესაბამის ადგილს“, – განმარტა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
