აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 2024 წელს, 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა. ფერმერების ცნობით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება წლიდან წლამდე იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოდან 1.3 მლნ-ის 2,163 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, რაც თანხაში 81.4%-ით ნაკლებია, მოცულობაში კი, 81.7%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.
„აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი ვაჟა მკურნალიძე „კომერსანტთან“ ჰყვება, რომ დაბალი ფასისა და შესაბამისად, ექსპორტის შემცირების მიზეზი რეალიზაციის დაგვიანებაა. გარდა სარეალიზაციო პრობლემებისა, წელს უხვმა ნალექმა ციტრუსის მეურნეობას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა – ბაღების 80% მძიმე გასხვლას საჭიროებს.
„ციტრუსის ბაღები, რა თქმა უნდა, დაზარალდა. იმხელა ნალექი იყო, ფერმერი საკუთარი ძალებით მის მოვლას ვერანაირად ვერ შეძლებდა. მანდარინის ხეების 80% მძიმე გასხვლას საჭიროებს, ამას ერთი წელიწადიც კი არ ეყოფა, 2-3 წელიწადი დასჭირდება, რომ მცენარეები იმ კონდიციაში დაბრუნდნენ, როგორშიც იყო. ამ ეტაპისთვის ზარალის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ მაღალმთიან რაიონებში ისევ თოვლია და შესაძლებელია იმის თქმა, რომ წლევანდელი უხვი ნალექი მოსავლიანობას 30-40%-ით მაინც შეამცირებს. მცენარეს მსხმოიარე ტოტები აქვთ დამტვრეული, ეს მოსავლის ხარისხს არ გააფუჭებს, თუმცა რაოდენობრივად, ცხადია, მოსავალი შემცირდება“,- ანიშნა ვაჟა მკურნალიძემ.
