“წიწაკის სპრეი” შევიძინეთ თანამშრომელი ქალებისთვის, სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად” – თამთა მიქელაძე მის გამოკითხვაზე

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეზე, – რომლის ფარგლებშიც მათ ანგარიშები დაუყადაღეს და რომლის დასახელებაშიც ფიგურირებს „საბოტაჟი“, – ერთ-ერთი მათგანის, “სოცილაური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს.
მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თამთა მიქელაძემ თქვა, რომ “ამ პროცესების მიზანი არიან სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა,” ვინადან პროკურატურის შუამდგომლობით 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება მათი მუშაობის პრაქტიკულად შეჩერებას ნიშნავს.
რაც შეეხება გამოკითხვის შინაარსს გამოძიება იკვლევდა გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში მიმდინარე აქციებთან კავშირში მათი ორგანიზაციის როლს.
“ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ პოლიციის თვითნებურ საქციელზე და სასტიკ ძალადობაზე. [გასული წლის] ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს მოქალაქეები “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 7-ჯერ დაარბია 7 ნოემბრის მსგავსად, ამ დროს ხდებოდა წამების და არადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები, ძალადობის 280-ზე მეტი შემთხვევა აქვს დოკუმენტირებული სახალხო დამცველს… ამიტომ ჩვენ პირიქით, ვესაუბრეთ იმ უმძიმეს დარღვევაზე, ძალადობაზე და სისასტიკეზე, რომელიც თავად პოლიციამ გამოიჩინა”, – თქვა თამთა მიქელაძე.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადებით, მათი არგუმენტები იყო ის, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციის თანამშრომლებს მოვლენების მონიტორინგისას სჭირდებოდათ დამცავი საშუალებები.
“ერთეული რაოდენობის რესპირატორები, სათვალეები, კეპები. გაეროს და ეუთოს მიერ დადგენილი სტანდერტებით შედგენილი პროტოკოლით უსაფრთხოების საშულებები არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად აქციების სასარგებლოდ”, – თქვა მან.
მიქელაძის თანახმად, ეს დამცავი საშუალებები შეიძინეს “გავლილი ძალადობის რისკების გათვალისწინებით”.
რაც შეეხება “წიწაკის სპრეებს”, მისი თქმით ორგანიზაცია “ქართული ოცნების” მხრიდან რამდენიმე წელია “შევიწროებას და დევნას განიცდის”, შესაბამისად, ისინი შეიძინეს, უპირატესად ქალი თანამშრომლოების თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
“ჯერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ალტ-ინფოს ხალხი მოდიოდა, ძალადობით, სიკვდილით და გაუპატიურებით გვემუქრებოდა, შედგომში მათი ტიტუშკები მოვიდნენ ჩემს სახლთან. გააკრეს ფოტოები და გააკეთეს ბინძური წარწერები და ამით ნიშანი მოგცეს, რომ იცოდნენ სად ვცხოვრობდით და შეეძლოთ მოახლოება. პრაქტიკულად ფიზიკური უსაფრთხოების რისკების წინაშე დაგვაყენეს, ამიტომ ჩვენ შევაფასეთ ის რისკები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ამ სასტიკ რეალობაში ედგათ და ჩვენს თამაშრომელ ქალებს (ჩვენი გუნდის 90 %-ი ქალია) შევუძინეთ ეს საშუალებები, იმისთვის რომ მათ რისკის პირობებში გამოეყენებინათ”, – განმარტა თამთა მიქელაძემ, რომლის თქმითაც, “გაეროს და ეუთოს მიერ პროკოლით გათვალისწინებული საშუალებების შეძენაზე დონორების ინფორმირება და შეთანხმება არ სჭირდებოდათ”, მათ შორის წლების განმავლობაში “ჩამოყალიბებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების” გათვალიწინებით.
მოსამართლის წინაშე თამთა მიქელაძის გამოკითხვამდე საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორთან თამთა მიქელაძესთან – საქმეზე მოწმესთან, კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით აქვს.
მისივე თქმით, მიქელაძე მოწოდებებს აკეთებდა, პროტესტს ფინანსურ დახმარებაც უწევდა, კერძოდ ლაშა კოტრიკაძის განმარტებით მიქელაძის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, დამცავი სათვალეები და „წიწაკის სპრეი“.
„გამოძიებას მის მიმართ გააჩნია კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს. მოწოდებები შეეხებოდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას. იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი. გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. 2024 წელს, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს „წიწაკის სპრეი“. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით. რა დანიშნულებით, რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით. ვინ იყო ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მოწოდებები რა იყო და ა.შ.“- განაცხადა საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
წინა დღეებში, საქმეთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ. „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა.
ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება“.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა“, – წერია მათ მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი