“სამწუხაროდ, შესაფუთი ნარჩენების მათთვის მიმართულებით წინ ვერ წავიწიეთ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ასეთი შედეგი გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესთან, არ ვჩერდებით. შედეგი ჯერ არ გვაქვს“ – ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი bm.ge-ს კითხვას – რატომ გვიანდება შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის დამტკიცება.
ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს.
დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. მთავარი, რაზეც ბიზნესი და მუნიციპალიტეტები ვერ თანხმდებიან არის ის, თუ ვინ შეაგროვებს ნარჩენებს და შესაბამისად ვინ მიიღებს რეციკლირების საფასურს.